შენი ჭირი — ღობეს ჩხირი?

უცნაური გრძნობაა მარტოობა. გრძნობა კი? უფრო შეგრძნება. ზოგჯერ სტატუსიც კი. გააჩნია. ამინდს, ადამიანს, ადაპტაციის უნარს. მაგრამ ერთი კითხვა მაწუხებს… დავრჩით თუ დაგვტოვეს? ჩვენვე შევქმენით ეს მარტოობა? იქნებ ვიღაცამ დაგვივიწყა, მიგვატოვა, იფიქრა, რომ გვიცნობს, უბრალოდ გაწყვიტა ურთიერთობა. ეს «იქნებ», «შეიძლება», «ალბათ» მძაბავს. ზუსტი პასუხი მჭირდება. კონკრეტული. ახსნილი. დასაბუთებული

მითხარით! გამაგებინეთ! მინდა ვიცოდე. ამბობენ: ყოველთვის უფრო ადვილია სხვას დაააბრალო შენი პრობლემები. სხვას — არა უცხოს. ის, «ვიღაც», რეალურად არც გაინტერესებს. შესაბამისად, მარტოობის ()სიამოვნებას ვერ მოგგვრის. სხვა — ერთ დროს ახლობელი, საყვარელი, თბილი. ახლაც ასე ხ()ართ? რომ არ ვიცი, ის მაგიჟებს. ჭკუიდან გადავყავარ… ვარ.

მსიამოვნებს მარტოობა. კარგია. დუნეა. მოუსვენრობას გართმევს. სიწყნარეს გაძლევს. არ გღლის. საკუთარ სამყაროს გიშენებს. შენ (მე?) აქ არც ხარ, მაგრამ არც პროსტრაციაში. არც ცარიელდები, თუმცა სავსესაც ვერ უწოდებ თავს. გიჟამდე ცოტა გაკლია. რაღაც ჩურჩულებს — ეს შენი არჩევანია. სადღაც, როდესღაც, რატომღაც…

ბევრს ჰგონია — მარტოობა=თავისუფლება. არა ვალდებულებას, არ პასუხისმგებლობას, არა დაპირებას სხვის წინაშე, სხვისთვის. შენ?

ზოგჯერ მარტოობა გარემოებაა. სხვა გზა არ გაქვს. თუ მარტო არ დარჩი, ვერ შეძლებ რაღაცას. მენდეთ, ვიცი…

არსებობს კი მიტოვებული მარტოობა? არ წასულან. არ მიუტოვებიხარ. არ შეუქცევიათ ზურგი. არ უღალატიათ. არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა. არ გაუჭორიხარ («გავძეხი»). არ უწყენინებიათ.

უბრალოდ ა რ უთქვამთ… უბრალოდ ვ ე რ უთხარი… უბრალოდ… უბრალოდ — მაშასადამე…!