ხანძარი ჩნდება შიგნიდან…

ზოგჯერ მინდება დავჯდე და მოვწიო. ისე როგორც არასდროს არ მომიწევია ცხოვრებაში. ტირილამდე დახრჩობამდე. ფილტვების ჩაწვამდე. იმ ფილტვების, რომლებმაც ამოისუნთქეს სიყვარული და სიხარული. ჩაწვა ტირილმა, ცრემლმა, დარდმა. ზედიზედ — ღერი ღერზე. მიყურებია, როგორ ეწევა ჩემი საუკეთესო  მეგობარი. სიამოვნებით, ნეტარებით ამთავრებს სიგარეტს. სრულიად სხეულში, სისხლში, გრძნობაში უშვებს ნისლს. ბოლს ვერ ვუწოდებ, ისეთი რამეა. იქნებ მაშინ მაინც მომეხსნას სათვალე. ვარდისფერი? არა. ალბათ, შავი და დაბურული. თორემ სულ მეტირება. ყველაფერზე. ტირილის სიგარეტი მწვავს ფილტვებს. ცრემლები რგოლებად ეშვება. პატარა გუბურად გროვდება სულის ზედაპირზე და აზანზარებს. მერე მუსიკაც სხვანაირად ისმის. სიმები უფრო მჟღერი ხდება. აკანკალებს ხრჩოლვამდე. სულს, გონებას, გულს. საბოლოო ჯამში — მე. ვიღლები და ვიცლები. ბოლოს…? დავრჩები ჩემს გუბესთან და ჩავიცქრები…. იქნებ რამე დავინახო…bug6l-70oty

Море внутри

ზღვა. ღელავს, ბორგავს, ელვარებს. მის სიღრმეში იძირება ტალღა და განცდა. ინთქმება ისტორია

— ადამიანის, ცხოველის თუ უბრალოდ საგნის. თვალს ვერ გააწვდენ, ისეთია. შეუცნობელი და

თან ასეთი ახლობელი. ან გამშვიდებს, ან გაშინებს. შუალედი არ არსებობს, არჩევანი არ გაქვს.

შეაბიჯე. ტალღა-ტალღა, სანტიმეტრ-სანტიმეტრ შეათრევ თავს. ყელამდე ჩაიძირები… უცებ სახეში მოგახლის საკუთარ ხელს. მაგრამ არ დაგახრჩობს, არა. მხოლოდ ჩაგწვავს ტვინის უკანასკნელ ნეირონამდე, გულის ბოლო სისხლძარღვამდე. ხიხინებს ბრონქები. თუმცა, ვერ უშველი თავს. ხელი არ მოძრაობს, ფეხი უკან არ იძვრის, სახე მიმიკას არ მართავს. შენ შენს თავს არ ეკუთვნი. იბრძვი, აზრი კი არ აქვს. გააგრძელებ?

უცებ აღმოჩნდი. გაშლილი სივრცე. წევხარ ზურგზე და ვეღარაფერს გრძნობ. ყველაფერი დაიკარგა. არაფერი დაგრჩა. მართლაც? არა. შენ შენი სიცოცხლე გაქვს, ხელშეუხებელი და უპირობო. განა წართმევა შეუძლებელია, უბრალოდ სიმდაბლეა, უაზროა. მარტო მართვას შესწვდები? იქნები უპირობო განმგებელი, მარტოდ მარტო მეფე ცარიელ დაფაზე? ერთი ნაბიჯიც სარისკოა, პირველივე სვლა დამღუპველია… შენ კი ზღვაში ლივლივებ და ოცნებას ხედავ… — ცაში.

წამიც და აგუზგუზებული ქვიშა გC ფეხისგულებს. და ისევ ზღვა… საოცარი სანახაობაა, როგორ აწყდება აზვირთებული, ათოვლებული ტალღები ასეთ უწყლო, უცვარო, შეურყვნელ მიწას. უდაბნო უბიწოა. მან არც ცეცხლი იცის და არც წყალი. მხოლოდ ქარი აგორავებს, მაგრამ ვერ ცვლის, ბუნებას ვერ არყევს. ამ დროს კი აღვირახსნილი ნაპირი… შენ ხომ არ გგავს? ცდილობ სიცხეს თავი დააღწიო;

ახლა — ყინული. ტკივილამდე გიწვავს სულს. გარშემო თოვლია, სპეტაკი და დაუნდობელი. ცივა, ძალიან ცივა. გცივა. ცდილობ, გათბე, თავი ჩაიხუტო, შეიცოდო, როგორ გაგწირა… ვიღაცამ? რაღაცამ? გარშემო კი არაფერი იცვლება. აქ ქარიც კი არ არსებობს. მხოლოდ მკაცრი ოკეანის სუნთქვა აღწევს შენამდე. გზარავს. და უცებ ხვდები — უნდა იარო. ადგილზე დგომა არ გიშველის. მიდიხარ წინ, წინ. უკან გზა არ არის? ვერ ხედავ. აღწევ კიდეს. იქით წყალია. იხედები… ჯერ წინ, შემდეგ ანარეკლში. მაგრამ არავინ ჩანს…

მძიმე ძილ-ბურანისგან ფხიზლდები და რას ხედავ: ღამე, ცა, ზღვა და ვარსკვლავები… თბილი წყალი საყვარელი ლეკვივით ელამუნება სათუთ წვივებს. თითოეული მნათობი შორიდან გითვლის სალამს. დანთებული კოცონი სიცილით გესვრის ნაპერწკლებს. ქარი დაღლილ მხრებზე გეფერება. ახლა დიდი სიამოვნებით ციცინათელებით სავსე ლამპიონით მიაღწევდი, სადაც ტალღები ჩქეფს. მაგრამ — სამოთხეა… ოცნებაა… დარჩებ(ოდ)ი აქ სამუდამოდ? ნიავმა საკუთარ თმებთან გაცეკვა ტანგო და დაიმალე.

მიმოიხედე. ნისლში ძველი გემი მიცურავს სადღაც. ხელს გაიწვდენ. საკუთარი თითებსაც კი გაჭირვებით არჩევ. უცებ მოგაწვება; როგორ იმოგზაურეთ შენ, დედამ და მამამ იახტით მზიან ვენეციაში. ერთხელ მამიკომ  ჩუმად იქირავა ნავი და ზღვაში გაგიყვანა, სანამ შუადღის მზე გააფთრების ზენიტს მიაღწევდა. ბუნდოვნად გახსოვს, ერთმა ნავით გასეირნება შემოგთავაზა, მაგრამ გაექეცი. გემი კი წინ მიცურავს, დინებას მიჰყვება. შენ კი აშმორებული წყალმცენარეების სუნი გცემს!

ნაბიჯი წინ — კინაღამ გადაიჩეხე. სკანდინავიურმა ფიორდმა დააფჩინა თავისი ურჩხულის ხახა და უცდის ადამიანურ შეცდომას. ქვემოთ ჯოჯოხეთი გამართულა: ტალღები უმოწყალოდ ეხეთქებიან კლდეებს, სიკვდილს უქადიან უცხოს თუ ნაცნობს, სულიერს თუ უსულოს. დაუნდობელნი, უგრძნობელნი და ავნი. მათთვის არ არსებობს რამე წმინდა. მხოლოდ საკუთარი ზრახვებია უპირველესი, უზენაესი. შეჯახების ქაფი შენამდე აღწევს, ძრწოლით ავსევს ისედაც ავადმყოფ ფილტვებს. მაგრამ გიზიდავს, როგორ გიზიდავს! ნაბიჯი წინ?

თვალს ახამხამებ და ეცემი. კაფე ბულვარში. უამრავი ხალხი გარშემო. მართლაც ჭიანჭველებივით ირევიან. შენ ისევ თეთრებში ხარ, თეთრ სკამზე წამოსკუპებული თეთრ, ნახევრადმშრალს მიირთმევ. გრილა. მუდმივ მოძრაობაში ხარ უმოძრად. წინიდან გიღიმიან. გვერდიდან ფრთხილად გადღეგრძელებენ შამპანიურის ფუჟერით. სადღაც შორს ჭირვეულად კვნესის ვიოლინო. მზე ჩადის და ბინდში იძირები. უსიამოვნო გრძნობაა, მემგონი. ხელით მოიხმობ ოფიციანტს და ანგარიშს სთხოვ. შენვე იხდი. მარტო ხარ. გარშემო მზად არიან, ხელისგულზე გატარონ. შენ კი მარტო ხარ, ისევ მარტო…

გამოიხედე… მას უყურებ თვალებში. მას… ზღვა იძირება მის მზერაში. შენ კი მასში იძირები. უსიტყვოდ, უაზროდ, მთლიანად, ბოლო წვეთამდე. ის — მთლიანად ზღვაა. დაუდგომელი, დაუცხრომელი, ცვალებადი და ღვთაებრივად მშვენიერი. გძულს და გიყვარს, გეზიზღება და ეტრფი, გეშინია და გიზიდავს. გაცდუნებს. გაცდუნებს, რომ გადახტე. მასში. ამავდრუოლად, მიუწვდომელად შორს ხარ. ვერასდროს გაუგებ? არა, ის ვერასდროს გაგიგებს… არ გიცნობს, არ აინტერესებს, არ უნდა… შენ კი თვალებს ხუჭავ და ეული ცრემლი შრამს ტოვებს სახეზე.

ბოლოს, ისევ პლიაჟზე ხარ. იცი, რომ ბოლოა. არც ცივა და არც ცხელა. არ გაციებს, მაგრამ სითბოს მოჭარბებასაც ვერ გრძნობ. უბრალოდ — კარგად ხარ. ჩვეულებრივად. ეულად. არც თხლად გაცვია, თუმცა არც ჩაფუთნილი მოხვედი. კისერზე ძველ ფოტოაპარატი გიკიდია. წინ ზღვაა. არც წყნარი და არც მშფოთვარე. ჩვეული. უკან, შორს ხალხი დადის, მოძრაობს. მოკლედ, სიცოცხლე ჩქეფს. შენთან? რა ხდება შენთან? დამპირდი, რომ როცა გაიგებ, აუცილებლად მეტყვი. მანამდე კი ცას ახედე, როგორ განათებს მზე! 

P.S. დილას გაიღვიძე და დიდხანს იყურებოდი ჭერში. მერე ადექი…

 

%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90

https://youtu.be/JGulAZnnTKA
https://youtu.be/1rfSHisyHdc