შენამდე ? , . !

თითქოს დიდი ხნით მივაგდე ბლოგი, უამრავი შავ ფურცელზე დარჩენილი სტატია დამრჩა, ახლა კი მივაყარე სიახლეები 🙂

Me before YOU … სამი. სიტყვა. ერთი. ფილმი. და … დიდი აზრი ❤ ჩემთვის მაინც 😉

უპირველესად, ერთ რამეს ვიტყვი განსაზღვრულად — სიბრალულსა და თანაგრძნობას შორის დიდი სხვაობაა. სიბრალული ეგოისტურია, ყალბია, დაუდგომელი და სწრაფმავალია. როცა გებრალება (გეცოდება), შენს სურვილს იკმაყოფილებ მხოლოდ, «სიკეთეს» ჩადიხარ და საერთოდ არ ითვალისწინებ, თუ რას განიცდის შენი მსხვერპლი. თანაგრძნობა დიდსულოვანია, სიყვარულის შვილია თანაგრძნობა. ნაზი და ფაფუკია, როგორც პატარა ბავშვის რბილი თითები. ისეთივე უმწიკვლოა მისი შეხება სათანაგრძნობოს სულზე. საოცარ ეფექტს ახდენს პიროვნებაზე, მსგავსად წითელი კაბის დანახვისა ლამაზ ქალზე. თამამად ვიტყვი: ვეთაყვანები თანაგრძნობას.

მეორე — ოცნება. ბავშვობაში ბევრი ოცნება გვაქვს, კოშკებს ვაგებთ, თავზეც გვემსხვრევა და ვისრულებთ ზოგ-ზოგიერთსაც. ბანალურად გავიმეორებ მეათიათასჯერ ერთსა და იმავე ფრაზას, მაგრამ რა ვქნა, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები მის სისწორეში: არ დანებდე! არასოდეს! იბრძოლე წრფელი გულით და გაიმარჯვებ! გჯეროდეს, გიყვარდეს, არ დაივიწყო!

მესამე და ძირითადია პიროვნება. თითოეული ადამიანი ცალკე პიროვნება რომ არის, უკვე გამტკიცებული ჭეშმარიტებაა. ისიც ვიცით, რომ უპირველესად სწორედ სული უნდა დავინახოთ. ვასრულებთ რომ? სხვა დრო მოვიდაო, ხშირად გამიგია. მაგრამ ბავშვური უმწიკვლოება თუ ნაპერწკალივით მაინც ღუის გულში, მაშინ ყოფილხარ პიროვნება. შეიძლება გაგანადგუროს ვიღაცის არჩევანმა, თუმცა პატივი უნდა სცე მას. ალბათ, ნელ-ნელა მივხვდებით, თუ რატომ გაგვიკეთეს და დავაფასებთ ამას. ზოგჯერ საკუთარი ეგოიზმიც გვაბრმავებს, ეს ყველას გვემართება. ამ დროს, ჩემი აზრით, შენს გულზე თუ არ იმუშავე, არ გამოძერწე თიხასავით მოქნილი და უცებ გამაგრებადი, დაიკარგები. ალბათ, ზუსტად არ ვიცი.

ბოლოს… რა დამრჩა?… სიყვარული! უბრალოდ — მეც მინდა ერთხელ მითხრან: «შენ ხარ ერთადერთი, რაც დილას საწოლიდან წამოდგომის სტიმულს მაძლევს» ❤

 

me-before-you

მარტოობა — ცხოვრების დედაარსი

მარტოობაა ქვეყნად ყველაფერი. იბადები — ერთი. ტყუპისცალიც რომ გყავდეს, ჯერ ერთი ბავშვი ევლინება ქვეყანას, მხოლოდ შემდეგ — მეორე. ზრდისას ნელ-ნელა ხვდები, საერთო არაფერია, საერთო არავისია. თუნდაც სათამაშოები და-ძმას შორის ვიღაცისთვის უფრო საყვარელია. 

მეც მარტო ვარ ჩემს მარტოობასთან. მეცოდება, ის მაინც არ დარჩეს მარტო. მაშინ საერთოდ უკუნითი ჩამოწვება. თუ უკვე დადგა? არ ვიცი… ერთპიროვნულად ვერ ვიტყვი; მაინც პატარა იმედის ნაპერწლით ვუყურებ სამყაროს. რას მირჩევთ?

ზოგჯერ სატანჯველადაც იქცევა მარტოობა. ხანდახან კი ნამდვილი საჩუქარია. მარტოობაც ფარდობითია — აინშტაინი ტყუილად არ აფასებდა მას. ნეტავ რა მოვლენამ მიიყვანა თავის თეორიამდე?

რაც არ უნდა თქვან, ძნელია მარტობაა. თუმცა — თანმდევია. თავად ირჩევს ადამიანი, რას მოუხერხებს მას და საბოლოო ნაყოფი მხოლოდ თავად უნდა მოიმკოს, მარტომ…