ხელოვნური სუნთქვა

ხელოვნური სუნთქვა ადამიანს ზოგადად მაშინ უტარდება, როცა რაღაცის გამო ფილტვები ვერ ღებულობენ ჰაერს. მაგრამ ის ზოგჯერ სულის ფილტვებს სჭირდება. დიახ, სულსაც აქვს ფილტვები, თან ძალიან ძლიერი და თან ძალიან სუსტი. ძლიერი იმის გამო, რომ მილიონ გასაჭირს იტანს. სუსტი, ვინაიდან ემოციურ ფონს ბოლომდე მაინც ვერ უძლებს. ამიტომ გვჭირდება ხელოვნური სუნთქვა —> ხელმეორედ შთაგვბერავს სულს და გვაცოცხლებს. მაგრამ ამ პროცესის ჩატარებას ყველა ვერ შეძლებს, ზოგი, პირიქით, სიგარეტის ბოლივით ჩაგწვავს და უკვე ვეღარასდროს ამოისუნთქავ. ეს შეიძლება დედამაც კი გაგიკეთოს. ხანდახან სრულიად უცხო ისე გაგაცოცხლებს, არსებობას სრულფასოვან ცხოვრებად გადაგიქცევს. ერთ ნამდვილ ღიმილსაც კი შეუძლია ხელოვნური სუნთქვის როლი შეასრულოს. ხედავ, როგორ გიღიმის ადამიანი და გრძნობ, ივსები არამქვეყნიურით. ეს ყველასთვის სხვადასხვაა. არავინ არაა შენი მსგავსი.

ხელოვნური სუნთქვა ფრთხილად უნდა ჩაატარო, ზედმეტად ფრთხილად. სჯობს დააკლო, ვიდრე გადაამეტო. აბიტურიენტულად მახსენდება «ვეფხისტყაოსანი»: «ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების». ამიტომ უნდა ეძებო. გაატარე მთელი ცხოვრება ძებნაში და იპოვე ის, ვინც სწორად ჩაგიტარებს ხელოვნურ სუნთქვას. და გადარჩები, მართლა გადარჩები. შეიძლება მატერიალური სიკეთე ბევრი არ გექნება, მაგრამ იცოცხლებ და არა იარსებებ. ამას ვერ ვხვდებით. არ მინდა სიტუაციის დახატვა, ასეთ დროს ვერ წარმოაჩენ ვერაფერს და სულელური ფარსი გამოდის. მთავარია გაგიმართლოს.

არსებობენ ისინი, ვისაც ზოგადად ცხოვრებაში უმართლებს, მაგრამ ხელოვნურ სუნთქვაში არა. ამიტომ თავად ხდებიან ექიმები. მათი ამოცნობა სულაც არაა რთული. ხელოვანები, უფრო სწორად, შემოქმედები. მაინც და მაინც, მხატვრები და პოეტები იფიქრეთ? თუ არა, მაშინ უფრო მართლები ხართ. თითოეული პიროვნება შემოქმედია. პიროვნება და არა უბრალოდ ადამიანი. დიდი სხვაობაა. დაინახეთ ის.

ზოგჯერ დროებითი ექიმები ჩნდებიან. ჯერ გშველიან, მერე კი ნელ-ნელა, ჩუმად თუ ცხადად, წავლენ და უკან აღარ დაბრუნდებიან. გწყინს, მაგრამ მათი ხელოვნური სუნთქვის გემო გაგყვება. შეიძლება სამუდამოდაც კი. მთავარი ერთია: ერთხელ მაინც ხომ გიშველეს. სხვას კი ნუ ამადლი.

დანარჩენებს უმართლებთ. პოულობენ და სხვები არჩენენ, უხანგრძლივებენ სიცოცხლეს. ცხოვრებას, თორემ მხოლოდ ფიზიკური არსებობა სიცოცხლე არაა. ბევრი არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს.  შეიძლება ერთი კი არა, რამდენიმე გაცოცხლებს. თითოეულს თავისი ხელნაწერი აქვს. ლაპარაკი ზედმეტია, რომ გამორჩეული. ერთი სწორად ჩაგიტარებს ხელოვნურ სუნთქვას და აღგიდგება სიცოცხლის აპარატი. მეორე სულაც არაფერს გაგიკეთებს, მაგრამ შთაგონებას გაჩუქებს და თავად აღდგები. მესამე გიტარებს ხელოვნურ სუნთქვას და შენთან ერთად ისიც აღდგება; ის კატეგორიაც არსებობს, შენ რომ ხდები ექიმი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის გშველის; ორ სულზე ერთი ხელოვნური სუნთქვაა.  ყველა თავისებურად ძვირფასია. იცი, მათ გარეშე მოკვდები. და დარდობ ამაზე.

მაგრამ არსებობს

მაგრამ არსებობს უბედობის ყველაზე საშინელი ფორმა —  უახლოესი ადამიანი რომ ვერ გიტარებს ხელოვნურ სუნთქვას; გკლავს, თან როგორ გკლავს ერთ დროს მაცოცხლებელი ჰაერი; ან გგუდავს, უსასტიკესი მეთოდით გგუდავს; ჯოჯოხეთია, როცა თავად არ ესმის. თითქოს სარკეს უყურებ, როგორ კვდება ნელ-ნელა შენი გამოსახულება, სხეული კი გრჩება, გამოუსადეგარი. შენ ამ სარკეს ხედავ, ის კი მხოლოდ იმ გამოსახულებას აღიქვამს, შენთან ერთად ჟესტებს რომ იმეორებს. ამ დროს კი ერთი ანაბეჭდიღაა დარჩენილი, სხეულის.

შეიძლება ეს მხოლოდ მონაგონია ან ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფია, არ ვიცი. შეიძლება… ამ ცხოვრებაში ყველაფერი მოსულა. 🙂

ნიკომ თქვა სწორად:

«ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში
აქ გესევა მათხოვრების არიმია,აქ სიყალბე უმთავრესი შარმია..
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…».

მერე მეც ვიტყვი ჩემსას… 😉

 

 

რაც ჩვენვე შევქმენით

Up for love — ცალსახად ვიტყვი, ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ფილმებს შორის, რომლებიც ოდესმე მინახავს. პირველი შთაბეჭდილებით, მხოლოდ მსუბუქი კომედიაა ლაღი ფრანგული იუმორით… მაგრამ ეს იუმორზე ბევრად მეტია.  ფილმი იმაზეა, თუ რას ვქმნით ჩვენ საკუთარ თავში. რას? სტერეოტიპებს. სარკისებრ, ერთდროულად ადვილად და რთულად მსხვრევად სტერეოტიპებს ჩვენს თავში. გვეშინია იმის, ვინც/რაც გამოირჩევა. რატომ? ხშირად თავად არ ვიცით. ახსნა კი მარტივი აქვს — ეს არ ჰგავს სტანდარტს. არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი არასტანდარტული კარგია. სულაც არა! უბრალოდ ჩვენ ხშირად ვერ შეგვძლებია კარგის ცუდისგან გარჩევა; სწორედ ამაზეა ეს ბრწყინვალე ფილმი.

უცებ მივხვდი, როგორ იჩაგრება გამორჩეული ადამიანი, რამდენი უაზრო რამ ეყრება თავზე, რასაც სხვები ვერ ვამჩნევთ. და ახლა დავაფასე ის სიძლიერე, «სხვანაირ» პიროვნებას რომ გააჩნია. წარმოიდგინეთ ერთი წამით, მთელი ცხოვრება გეკითხებიან (სიტყვებით, მზერით თუ შეგრძნებით, მნიშვნელობა აქ აქვს): «რატომ ხარ ასეთი?». სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ისეთი სიტყვები, როგორიცაა: «დისკრიმინაცია», «გამოყოფა», ჩემი აზრით, საჭირო არაა. უბრალოდ ჩვენს თავებს უნდა ჩავუღრმავდეთ და ვიპოვით პასუხს. მერე ყველაფერი ოდნავ მაინც გაადვილდება…

NC_UpforLove_still01_main

ალექსანდერი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი საყვარელი საქმით, პრინციპებით, გრძნობებით. ადვილი შესამჩნევია, რომ პიროვნულად არაერთს აღემატება. მაგრამ სტერეოტიპული აზროვნება უმსხვრევს ბედნიერების შანსებს. მხოლოდ დიანა შეძლებს, მოიშოროს ის, რასაც ჩვენვე ვქმნით, და იყოს ბედნიერი. მართალია, ორივეს ძალიან რთული გზის გავლა უწევს, მაგრამ რა ვუყოთ, ცხოვრება არასდროს ყოფილა ადვილი. რთულია ზოგჯერ ამის აღიარება. ფილმის ბოლოს აღფრთოვანებას იწვევენ ალექსანდერის შვილი (მამა, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უყვარს), დიანას მამინაცვალი (გვაგრძნობინეს: ხშირად ფიზიკური ნორმალურობა მორალურ ინვალიდობას იწვევს) და მდივანი კორალი (სწორ დროს ადამიანის მხილება კარგი თვისებაა). ისინიც სრულიად ნორმალური ადამიანები არიან, თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ზუსტად ეს აქცევთ მათ არაჩვეულებრივებად.

upforlove_206398

კარგი იქნებოდა, უფრო ხშირად შეგვემჩნია ალექსანდრისეული პიროვნებები, გავმხადიყავით დიანასავით მებრძოლნი საკუთარი ბედნიერებისთვის, დიანას დედის მსგავსად დაგვენახა რაღაც გარეგნობის მიღმა, დიანას მამინაცვლის მსგავსად შეგვძლებოდა სიმართლის პირდაპირ თქმა. იმედია, როდესმე სათანადოდ მოვახერხებ ამას.

P.S. დიდი იმედია მაქვს, ერთხელ მაინც მექნება იმის ბედნიერება, კვლავ შევხვდე ალექსანდრის მსგავს ადამიანს. ერთხელ ის უკვე მყავდა, მაგრამ ახლა ჩემგან შორს არის, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც მუდამ გვერდში მიდგას 🙂 ❤

https://www.youtube.com/watch?v=iKVHko9YIq8