ზღაპარში … ^_^

მზე ანათებდა გამოფხიზლებულ ქალაქს, უკვე რომ ამდგარიყო რბილი ქვეშაგებიდან, მაგრამ ჯერაც ტკბილად იზმორებოდა და იფშვნეტდა თვალებს. საფუნთუშეებიდან გამომავალი თავბრუდამხვევი სურნელი მყიდველს იზიდავდა, ისმოდა თავიანთ საქმეზე მიმავალი ქალების ფუსფუსი, მამაკაცების შეძახილები, ბავშვების კისკისი;  დიდგვაროვანნი, ცხენებზე ამაყად მსხდარნი, ნელა მიარღვევდნენ გზას პარიზის ქუჩებში. ანცი ქარი აფრიალებდა ძვირფას ბუმბულს ბოლო მოდის ქუდებზე, მოხიბლული მზე თავის ყურადღებას არ აკლებდა მის ბრწყინვალებებს. ამ დროს მოუსვენარი სინათლის ბაჭია დახტოდა აზნაურთა თუ უბრალო ადამიანთა სახლის სახურავებზე, ცნობისმოყვარე მზერას ავლებდა ცას, თითქოს შორიდან ეთამაშებოდა ცის კაბადონზე მოსრიალე ღრუბლებს. უცებ ყუტი ცქვიტა, ჯერ გაიფიქრა, მომეჩვენაო (ეს თავის ენაზე), მაგრამ შემდეგ იმ ხმისკენ გაიქცა. ეჩქარებოდა, გული არასასიამოვნო ამბავს უგრძნობდა. მიხვდა, ვერ მიასწრებდა. ამიტომ ლამაზი, კოხტა ფრთები გამოიბა და რბილი ზუზუნის თანხლებით გაფრინდა. საით? გრევეს მოედნისკენ, სადაც პირდაფჩენილი ბრბო სეირის საყურებლად ემზადებოდა. იქ იდგა სიკვდილის უტყვი მოწმე, ამაყი, თუმცა ასეთი მარტოსული გილიოტინა. ავისმომასწავებელი ეჩვენებოდათ მისი ბასრი პირის ელვარება, სინამდვილეში ჩუმი დარდისა და ტკივილის გამომხატველი რომ იყო.

უცებ შეწყდა… ყველაფერი შეწყდა… დაძაბულობამ დაისადგურა… თითქოს ჰაერი აზუზუნდა… დამნაშავე შავი ეტლით მოჰყავდათ. რამხელა პატივია, არა? მაგრამ რაში ანაღვლებს ეს სიკვდილმისჯილს? მხოლოდ ბრბოს უაზრო მზერისგან თუ დაიცავდა, ისიც მცირე ხნით. დაეწყო დაცვა: ჯარისკაცებს მკაცრად ჰქონდათ ნაბრძანები, დამნაშავე არ გაქცეოდათ, ამავდროულად თუ რამეს შეეცდებოდა, არ უნდა მოეკლათ, თორემ თავად ავიდოდნენ გილიოტინაზე.

ჩვენი ბაჭია გილიოტინას წინ მდგარი სახლის სახურავზე დასკუპდა და შეცბუნებული მიაშტერდა კუპრივით შავ ეტლს. სადღაც ყორნებმა ატეხეს ყრანტალი, მათმა ფრთებმა წამით მზე დააბნელეს. გაიღო ეტლის კარი. გადმოვიდა სიკვდილმისჯილი. ყურცქვიტას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა: ახალგაზრდა სულაც არ ჰგავდა იმ ეპოქის პიროვნებას. მწვანე შარფი შემოეხვია ყელზე, აშკარად ხელით მოქსოვილი, გრძელი და უფორმო, ქვიშისფერი სვიტერი გამხდარ მხრებზე „ეკიდა“, კინსი ეცვა, ფეხები ტყავის მაღალყელიან ყავისფერ ფეხსაცმელში ჩაეყო, არწივისებურ მოკაუჭებულ ცხვირზე შავი, ოთხკუთხედი სათვალე დასკუპებულიყო. შავი თმა აბურძგვნოდა, ასეთივე ფერის დიდი შვლის თვალები ბაჭიისკენ მიეპყრო, თითწოს ხედავდა, შებოჭილი ხელები ცოტათი უკრთოდა, ფეხზე მყარად ვერ იდგა. ასე 28-29 წლის იქნებოდა. ვინ იცის, ეს ეპიზოდი რამდენი ხანი გასტანდა, მაგრამ დროს ეჩქარებოდა, ამიტომ პროცესია დაიძრა. არავის არაფერი უკვირდა.

პარალელურად საინტერესო დიალოგი გაიმართა. 35 წლამდე ამპარტავანი შესახედაობის წითური მსხალი, თავზე ჯამივით შეჭრილი თმით, ესაუბრებოდა დაბალ, ჩასუქებულ, ნაწილობრივ გამელოტებულ პომიდორს:

  • ჰმმმ, ნეტავ რატომ დასდეს ასეთი პატივი ამ არაკაცს?

  • კარგით რა, ფრანსუა, მორიდება იქონიეთ, ისიც ხომ ადამიანია.

  • რა დაინახეთ მასში ადამიანური , — დამცინავი მზერა „ოპონენტს“.

  • უფალმა გააჩინა ის, ჩვენ ვერ განვსჯით. ის ღვთის წინაშე აგებს პასუხს.

  • მაშ რატომ გამოუტანა სასიკვდილი განაჩენი თვით კარდინალმა? მორჩით, ლუი, საკადრისად დაისჯება ჩადენილისთვის.

  • მაგრამ თქვენ ხომ არ იცით, რა ჩაიდინა, რატომ ან როგორ?! იქნებ თავს იცავდა, ან სიყვარულისთვის იბრძოდა, ან ოჰ… (კანკალმა აიტანა მოსაუბრე) ჯადოქარმა მოაჯადოვა და აიძულა, სიავე გაეკეთებინა!

  • სისულელეებს ნუ ბოდავთ, ლუი..! მაყურებინეთ, რა ხდება…

ქარის შრიალი არღვევდა იდეალურ სიჩუმეს.

  • აი, მიიყვანეს, ახლა თქვენი ხმა არ გავიგო, თორემ.. თორემ… — უცებ ვერ მოიფიქრა, რითი დაეშინებინა ეს ბატი პომიდვრის სხეულში. მერე გაახსენდა — არ ვითხოვ თქვენს ქალიშვილს! — საშინლად გაიჟღერა მუქარამ.

  • კი მაგრამ, თქვენ ის გიყვართ! — აღმოხდა „ოპონენტს“.

  • ხომ იცით, ჩვენს დროში გრძნობები პარიზივით ცვალებადია — მლიქვნელი ღიმილით პირზე ჩაილაპარაკა სასიძომ.

პომიდორი გაწითლდა (თუ კიდევ შეიძლებოდა ეს), მორჩილად დახარა თავი. საცოდავ ქუდს კუჭავდა გაოფლილ ხელებში.

ამ დროს პროცესია გილიოტინასკენ მიემართებოდა, დროს კვლავაც ეჩქარებოდა. წამიერი გაჩერება კიბეებთან.. თითქოს ვიღაცამ ხელი კრა უკნიდან — წაბარბაცდა… და აღმასვლა გოლგოთაზე დაიწყო. მოეჩვენა, თუ შოპენის მელოდია ჩაესმა ამ ჯოჯოხეთში..? მომოიხედა.. და აი უკვე ჰელჰეიმის კარიბჭესთან დგას. თუ ჰადესია ეს? შავებში ჩაცმული „მცველი“ კი ელოდება წინ. ახლა უკვე რაღაც აჩქარებს, გულით სურს სიკვდილი. მომენტიც და… დაიჩოქა. სანამ თავს დადებდა, ფურცელი, სამელნე და ბუმბული ითხოვა. ჯალათს თითქოს წინასწარ განესაზღვრა ეს სურვილი, წამში მიაწოდა. მხოლოდ ერთი რამ წააწერა ყმაწვილმა: „რაც შევქმენით, სწორედ ის მოგვკლავს! ოლივიე დე ლა ტური,  16XX წელი. Post scriptumმეც არ ვიცი დრო.  და ხელმოწერით დაამშვენა ტექსტი. შემდეგ მორჩილად შეასრულა, რაც „ევალებოდა“. (მაგრამ ბაჭიამ არ იცოდა, რა ეწერა ფურცელზე)

3… 2… 1… გაიშხუილა სიკვდილის უტყვმა მოწმემ. ყურცქვიტამ წამიერად დაიფარა გრძელი ყურებით თვალები, მგრძნობიარე გულის ჩაკეტვაც სცადა, ამ სანახაობისგან. შემდეგ ფრთხილად გაახილა. ნაღვლიანად დააცქერდა მოედანს. ახალგაზრდას აურა ვერ იგრძნო. გაუკვირდა. მიფრინდა ურემზე დასვენებულ ნაჭერგადაფარებულ სხეულთან. ნაჭრის ქვეშ „ის“ არ იყო. მიხვდა. ამ დროს თვალწინ წარმოუდგა რაღაც საოცარი ნათელით გასხივოსნებული გილიოტინა და გადაკარგული მწერალი დიახ, დიახ ოლივიე ხელოვნების ამ დარგს ეტრფოდა… გამხიარულდა ჩვენი ბაჭია, ააფართხუნა ფრთები და გაფრინდა ასეთი საყვარელი პარიზის მემილიონედ დასათვალიერებლად. შემდეგ სიბნელე ჩამოწვა…

paris_by_chavezding

მაღვიძარას წკარუნს გაუღვიძებია ოლივიე. ჩქარა გათიშა მომაბეზრებელი საგანი, ერთი-ორჯერ გემრიელად გაიზრომა და წამოიზლაზნა. მერე ცოტა აჩქარდა, თორემ სამსახურში დააგვიანდებოდა. გაზეთის რედაქცია კი არცთუ ისე ახლოს იყო. ფანჯარასთან იდგა, ქუჩას თვალს ადევნებდა, თან ყავას სვამდა. საყვარელი კრუასანი უკვე მიირთვა. უცებ, სახლის წინ პატარა ბაღი რომ ჰქონდა, თეთრ ბაჭიას მოჰკრა თვალი. უნებურად ფანჯარას მიაჭყლიტა ცხვირი. მერე გაახსენდა, დამაგვიანდებაო და თავპირისმტვრევით გაიქცა. ველოსიპედი, თავისი რაში, გამოჰყავდა, ისევ რომ შეამჩნია ყურცქვიტა. ამ თეთრმა სათამაშომ თვალებში შეხედა, ერთი გააპარტყუნა ყური და კვლავ ბაღში მიიმალა. აი, სად გაახსენდა ოლივიეს სიზმარი. „კარგი დღე მელოდება“, — გაიფიქრა და გაფრინდა.

ერთი ის დაავიწყდა ოლივიეს: პერსონაჟები არასდროს ინდობენ ავტორს, მისი გამხელა მათი მთავარი პრივილეგიაა. ზუსტად ამიტომ გაჰყურებდა „ნათელმხილველი“ ჯალათი თავისი სახლის სარკმლიდან მიმქროლ ველოსიპედს უკან…

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s