Поиск

Fieryaries

Never let your dreams blind your mind

თქვენ…abcd
თქვენ მაჩუქეთ მე პუშკინი, როცა დოსტოევსკი მწადდა (მაკლდა),
თქვენ წამიკითხეთ დიუმა, როცა ბორხესს ველოდი,
თქვენ მომიტანეთ პლანშეტი, როცა გაყვითლებულ ქაღალდს ვეძებდი,
თქვენ წამართვით კალამი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა,
თქვენ ოთახში ჩამკეტეთ, როცა სახლში ნელ-ნელა ვკვდებოდი,
თქვენ დამაკავეთ, როცა ფრთები საბოლოოდ უნდა გამეშალა,
თქვენ გამომაჯანმრთელეთ, როცა გიჟობა მკურნავდა,
თქვენ მიპოვეთ, როცა დაკარგულიც არ ვყოფილვარ,
თქვენ გაგახსენდით, როცა მე სამუდამოდ დაგივიწყეთ;
თქვენ დაასულეთ … — მე კი ახლა დავიწყე …  :)
P.S. თქვენ, დიახ. თქვენ, ყოფილხართ ადამიანი?

 

აკლდამასთან ანუ რექვიემი

უკვე… <3

3a02d86115e0229d8355da9b8a952303

 

 

უკვე დაახლოებით ნახევარი წელი გავიდა, რაც გავიცანი ერთი ადამიანი. გავიცანი და მიხვდი, რომ ის ჩემიანი იყო. რბილი, თბილი და ძალიან საყვარელი. პირველი შეხვედრისთანავე რომ ააწყობ ურთიერთობას, ვერ დალევ სალაპარაკოს და მისგან წამოსვლა არ მოგინდება. იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება. მე გამიმართლა და ასეთი რამ გადამხდა თავს. გავხდი ის იღბლიანი, რომელმაც დღევანდელი იუბილარი, მარიამ ჭელიძე, გაიცნო. შეიძლება, მე ვერ დავიკვეხნი, წლებია ვიცნობ-მეთქი, მაგრამ მაქვს უფლება, ვიტრაბახო: მე მყავს საოცარი მეგობარი.

 

1d6443552fa859448793254ebe70b3d0

 

 

 

სტანდარტული მილოცვის ტექსტები უკვე ამოიწურა, ამიტომ ეს პატარა პოსტი მინდა მივუძღვნა. დიდი არაფერია, მაგრამ… I hope, she’ll like it ^_^

 

 

m01ss025

 

 

 

 

 

No words can describe who you are❤

 

წვიმას წამოყოლილი ფიქრები

   სასოწარკვეთილება ჩუმი გრძნობაა, ჩუმი, მაგრამ მწარე… გღრღნის და გჭამს, თან ჩუმად… ბევრ მრავალწერტილს ტოვებს. გსერავს… პირველი — ყველაზე ძლიერია. ღმუილი, ტირილი, ვიღაცის აკუწვა გინდება. ცხოველს ემსგავსები, პირუტყვს, არაადამიანს. სამყარო შენს რეალურ კოშმარად იქცევა და დუნედ იძირები. ვერც წინააღმდეგობას უწევ. ღირს? კი! ვამბობ „კი“-ს! რადგან არ დავნებდები! არც შენ, არც მას, არც არავის! კმარა!

დემოტივაცია პირველი მტერია — უსაშინლესი და უბნელესი. ბედნიერება ან სიხარული — სწრაფი და წარმავალი. აი, ლექსებსაც ვერ მიუძღვნი, ისეთი ხანმოკლეა. ამიტომ ტირიან სულ პოეტები, სულით პოეტები, მგოსნები. ბედნიერების ცრემლებს მისტირიან. სევდის დრო კი არ დარჩენილა, საერთოდ. ამიტომ წადი, გაიქეცი! შენს თავში შევარდი და იპოვე პასუხები. ეძებე ისე, თითქოს სიცოცხლის გასაღები გაქვს მოსაძებნი. მაშინ, ალბათ, დაწყნარდება სასოწარკვეთილება და დაბრუნდება თავის სახლში, ქვეყნიერების დასალიერს, პატარა ქოხმახში. ჩამოჯდება და დალევს სურნელოვან სევდას, შენგან რომ მოიყოლა. შენ კი ამ დროს ისუნთქავ ჩაის ან ყავის არომატს, გცივა ან გეფიქრება. ნისლის მანტიოსანი კი დაბრუნებაზე ფიქრობს… ერთხელაც…

 შემოუშვებ უკან?🙂

უცნობი ავტორი❤

jyuuntobtxo

ხელოვნური სუნთქვა

ხელოვნური სუნთქვა ადამიანს ზოგადად მაშინ უტარდება, როცა რაღაცის გამო ფილტვები ვერ ღებულობენ ჰაერს. მაგრამ ის ზოგჯერ სულის ფილტვებს სჭირდება. დიახ, სულსაც აქვს ფილტვები, თან ძალიან ძლიერი და თან ძალიან სუსტი. ძლიერი იმის გამო, რომ მილიონ გასაჭირს იტანს. სუსტი, ვინაიდან ემოციურ ფონს ბოლომდე მაინც ვერ უძლებს. ამიტომ გვჭირდება ხელოვნური სუნთქვა —> ხელმეორედ შთაგვბერავს სულს და გვაცოცხლებს. მაგრამ ამ პროცესის ჩატარებას ყველა ვერ შეძლებს, ზოგი, პირიქით, სიგარეტის ბოლივით ჩაგწვავს და უკვე ვეღარასდროს ამოისუნთქავ. ეს შეიძლება დედამაც კი გაგიკეთოს. ხანდახან სრულიად უცხო ისე გაგაცოცხლებს, არსებობას სრულფასოვან ცხოვრებად გადაგიქცევს. ერთ ნამდვილ ღიმილსაც კი შეუძლია ხელოვნური სუნთქვის როლი შეასრულოს. ხედავ, როგორ გიღიმის ადამიანი და გრძნობ, ივსები არამქვეყნიურით. ეს ყველასთვის სხვადასხვაა. არავინ არაა შენი მსგავსი.

ხელოვნური სუნთქვა ფრთხილად უნდა ჩაატარო, ზედმეტად ფრთხილად. სჯობს დააკლო, ვიდრე გადაამეტო. აბიტურიენტულად მახსენდება «ვეფხისტყაოსანი»: «ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების». ამიტომ უნდა ეძებო. გაატარე მთელი ცხოვრება ძებნაში და იპოვე ის, ვინც სწორად ჩაგიტარებს ხელოვნურ სუნთქვას. და გადარჩები, მართლა გადარჩები. შეიძლება მატერიალური სიკეთე ბევრი არ გექნება, მაგრამ იცოცხლებ და არა იარსებებ. ამას ვერ ვხვდებით. არ მინდა სიტუაციის დახატვა, ასეთ დროს ვერ წარმოაჩენ ვერაფერს და სულელური ფარსი გამოდის. მთავარია გაგიმართლოს.

არსებობენ ისინი, ვისაც ზოგადად ცხოვრებაში უმართლებს, მაგრამ ხელოვნურ სუნთქვაში არა. ამიტომ თავად ხდებიან ექიმები. მათი ამოცნობა სულაც არაა რთული. ხელოვანები, უფრო სწორად, შემოქმედები. მაინც და მაინც, მხატვრები და პოეტები იფიქრეთ? თუ არა, მაშინ უფრო მართლები ხართ. თითოეული პიროვნება შემოქმედია. პიროვნება და არა უბრალოდ ადამიანი. დიდი სხვაობაა. დაინახეთ ის.

ზოგჯერ დროებითი ექიმები ჩნდებიან. ჯერ გშველიან, მერე კი ნელ-ნელა, ჩუმად თუ ცხადად, წავლენ და უკან აღარ დაბრუნდებიან. გწყინს, მაგრამ მათი ხელოვნური სუნთქვის გემო გაგყვება. შეიძლება სამუდამოდაც კი. მთავარი ერთია: ერთხელ მაინც ხომ გიშველეს. სხვას კი ნუ ამადლი.

დანარჩენებს უმართლებთ. პოულობენ და სხვები არჩენენ, უხანგრძლივებენ სიცოცხლეს. ცხოვრებას, თორემ მხოლოდ ფიზიკური არსებობა სიცოცხლე არაა. ბევრი არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს.  შეიძლება ერთი კი არა, რამდენიმე გაცოცხლებს. თითოეულს თავისი ხელნაწერი აქვს. ლაპარაკი ზედმეტია, რომ გამორჩეული. ერთი სწორად ჩაგიტარებს ხელოვნურ სუნთქვას და აღგიდგება სიცოცხლის აპარატი. მეორე სულაც არაფერს გაგიკეთებს, მაგრამ შთაგონებას გაჩუქებს და თავად აღდგები. მესამე გიტარებს ხელოვნურ სუნთქვას და შენთან ერთად ისიც აღდგება; ის კატეგორიაც არსებობს, შენ რომ ხდები ექიმი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის გშველის; ორ სულზე ერთი ხელოვნური სუნთქვაა.  ყველა თავისებურად ძვირფასია. იცი, მათ გარეშე მოკვდები. და დარდობ ამაზე.

მაგრამ არსებობს

მაგრამ არსებობს უბედობის ყველაზე საშინელი ფორმა —  უახლოესი ადამიანი რომ ვერ გიტარებს ხელოვნურ სუნთქვას; გკლავს, თან როგორ გკლავს ერთ დროს მაცოცხლებელი ჰაერი; ან გგუდავს, უსასტიკესი მეთოდით გგუდავს; ჯოჯოხეთია, როცა თავად არ ესმის. თითქოს სარკეს უყურებ, როგორ კვდება ნელ-ნელა შენი გამოსახულება, სხეული კი გრჩება, გამოუსადეგარი. შენ ამ სარკეს ხედავ, ის კი მხოლოდ იმ გამოსახულებას აღიქვამს, შენთან ერთად ჟესტებს რომ იმეორებს. ამ დროს კი ერთი ანაბეჭდიღაა დარჩენილი, სხეულის.

შეიძლება ეს მხოლოდ მონაგონია ან ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფია, არ ვიცი. შეიძლება… ამ ცხოვრებაში ყველაფერი მოსულა.🙂

tumblr_me0wacOUEA1qkx91eo1_500

ნიკომ თქვა სწორად:

«ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში
აქ გესევა მათხოვრების არიმია,აქ სიყალბე უმთავრესი შარმია..
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…».

მერე მეც ვიტყვი ჩემსას…😉

 

 

რაც ჩვენვე შევქმენით

Up for love — ცალსახად ვიტყვი, ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ფილმებს შორის, რომლებიც ოდესმე მინახავს. პირველი შთაბეჭდილებით, მხოლოდ მსუბუქი კომედიაა ლაღი ფრანგული იუმორით… მაგრამ ეს იუმორზე ბევრად მეტია.  ფილმი იმაზეა, თუ რას ვქმნით ჩვენ საკუთარ თავში. რას? სტერეოტიპებს. სარკისებრ, ერთდროულად ადვილად და რთულად მსხვრევად სტერეოტიპებს ჩვენს თავში. გვეშინია იმის, ვინც/რაც გამოირჩევა. რატომ? ხშირად თავად არ ვიცით. ახსნა კი მარტივი აქვს — ეს არ ჰგავს სტანდარტს. არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი არასტანდარტული კარგია. სულაც არა! უბრალოდ ჩვენ ხშირად ვერ შეგვძლებია კარგის ცუდისგან გარჩევა; სწორედ ამაზეა ეს ბრწყინვალე ფილმი.

უცებ მივხვდი, როგორ იჩაგრება გამორჩეული ადამიანი, რამდენი უაზრო რამ ეყრება თავზე, რასაც სხვები ვერ ვამჩნევთ. და ახლა დავაფასე ის სიძლიერე, «სხვანაირ» პიროვნებას რომ გააჩნია. წარმოიდგინეთ ერთი წამით, მთელი ცხოვრება გეკითხებიან (სიტყვებით, მზერით თუ შეგრძნებით, მნიშვნელობა აქ აქვს): «რატომ ხარ ასეთი?». სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ისეთი სიტყვები, როგორიცაა: «დისკრიმინაცია», «გამოყოფა», ჩემი აზრით, საჭირო არაა. უბრალოდ ჩვენს თავებს უნდა ჩავუღრმავდეთ და ვიპოვით პასუხს. მერე ყველაფერი ოდნავ მაინც გაადვილდება…

NC_UpforLove_still01_main

ალექსანდერი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი საყვარელი საქმით, პრინციპებით, გრძნობებით. ადვილი შესამჩნევია, რომ პიროვნულად არაერთს აღემატება. მაგრამ სტერეოტიპული აზროვნება უმსხვრევს ბედნიერების შანსებს. მხოლოდ დიანა შეძლებს, მოიშოროს ის, რასაც ჩვენვე ვქმნით, და იყოს ბედნიერი. მართალია, ორივეს ძალიან რთული გზის გავლა უწევს, მაგრამ რა ვუყოთ, ცხოვრება არასდროს ყოფილა ადვილი. რთულია ზოგჯერ ამის აღიარება. ფილმის ბოლოს აღფრთოვანებას იწვევენ ალექსანდერის შვილი (მამა, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უყვარს), დიანას მამინაცვალი (გვაგრძნობინეს: ხშირად ფიზიკური ნორმალურობა მორალურ ინვალიდობას იწვევს) და მდივანი კორალი (სწორ დროს ადამიანის მხილება კარგი თვისებაა). ისინიც სრულიად ნორმალური ადამიანები არიან, თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ზუსტად ეს აქცევთ მათ არაჩვეულებრივებად.

upforlove_206398

კარგი იქნებოდა, უფრო ხშირად შეგვემჩნია ალექსანდრისეული პიროვნებები, გავმხადიყავით დიანასავით მებრძოლნი საკუთარი ბედნიერებისთვის, დიანას დედის მსგავსად დაგვენახა რაღაც გარეგნობის მიღმა, დიანას მამინაცვლის მსგავსად შეგვძლებოდა სიმართლის პირდაპირ თქმა. იმედია, როდესმე სათანადოდ მოვახერხებ ამას.

P.S. დიდი იმედია მაქვს, ერთხელ მაინც მექნება იმის ბედნიერება, კვლავ შევხვდე ალექსანდრის მსგავს ადამიანს. ერთხელ ის უკვე მყავდა, მაგრამ ახლა ჩემგან შორს არის, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც მუდამ გვერდში მიდგას🙂❤

https://www.youtube.com/watch?v=iKVHko9YIq8

ჩემი ბანაკი

უცებ memories-ში ბაქსვუდური სიმღერა ამომიგდო, ორი წლის წინ გადაკეთებულს რომ «ვმღეროდი», რადგან განათლების სამინისტრო უნდა მოსულიყო ჩვენს დასათვალიერებლად… მერე ვნახე უუუუსაყვარლესი სურათი — ესეც ბაქსვუდში იყო გადაღებული… და მართლა მომადგა ცრემლი თვალზე ! მომენატრა ჩემი ბაქსვუდი: სითბო, სიყვარული, მეგობრობა, დახმარება, მაგრამ ამავდროულად სიმკაცრე, დისციპლინა, სასარგებლო კონკურენცია. ძალიან ბევრი დაკარგა იმან, ვინც ვერ ან არ წავიდა ბაქსვუდში. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის. ორი წელი ამ დღეს, 27 ივლისს, მიმთავრდებოდა ნაკადი და ერთი სული მქონდა, ეს დღე ა რ მოსულიყო! რატომ? — იმიტომ, რომ ბაქსვუდური ოჯახის დატოვება არავის უნდა. ვერაფერი გაიმეორებს იმ საოცარ გარემოს, რომელიც იქ სუფევს. თავიდან ძალიან მეშინოდა წასვლა, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა. ასეთი დიდი დროით პირველად ვშორდებოდი სახლს, თან მშობლებსა და მეგობრებთან მუდმივი კონტაქტი არ მექნებოდა. სრულიად უცხო 100-ზე მეტ ადამიანში პირველად აღმოჩენა რთულია, არა? მიჭირდა, ვეგუებოდი, ნელ-ნელა მიყვარდებოდა. სრულიად სხვანაირი დავბრუნდი იქიდან. მეორე და მესამე წელს უკვე ვიბრძოდი წასასვლელად. მთავარი მიზანი ბაქსვუდში მოხვედრა გახდა.შეიძლება, ყველას ვერ ვუმეგობრდებოდი, მაგრამ ერთი დიდი, ერთიანი ოჯახის შეგრძნება არასდროს მტოვებდა.  და ერთხელაც არ მინანია, ზაფხულის სამ კვირას ბაქსვუდში რომ «ვხარჯავდი». ^_^😉

insPhoto_1440238787494

ეს მოკლედ ჩემი ბაქსვუდური ბიოგრაფია. სულ შემცვალა ამ ადგილმა. ბევრი რამ მასწავლა, დამხვეწა, გამაუმჯობესა, თვალები ამიხილა და ბლა, ბლა ბლა…  ზედმეტად გრძელია იმისი სია, თუ რა მომცა ბაქსვუდმა. უმთავრესად მაინც მეგობრები და ახალი ოჯახის წევრები მაჩუქა.  <3

BSSG through the years.jpg

ბოლოს უბრალოდ მინდა ვთქვა: მე ძალიან მიყვარს ბაქვუდი და სულ მეყვარება❤

P.S. ჩემი ბაქსვუდური სიმღერები და სურათები ^^

https://www.youtube.com/watch?v=OPf0YbXqDm0 —> 2015, The best 3rd❤

https://www.youtube.com/watch?v=Sv6dMFF_yts —> 2013, The cutest 2nd❤

https://www.youtube.com/watch?v=iX-QaNzd-0Y —> 2014, The craziest 2nd❤

 

 

 

 

{არსებობს მეგობარი}

არსებობს მეგობარი, რომელიცknigi

გაძლიერებს, მაშინ როცა ცხოვრების იმედს კარგავ…

განადგურებს, როცა ყველაზე მეტად მის მხარდაჭერას ელოდი…

ებრალები, რადგან ამ გრძნობის სისაძაგლეს ვერ ხედავს…

გისმენს, როცა უბრალოდ სიჩუმე სამყაროზე მეტად გჭირდება…

გიცავს, მაშინაც კი, როცა მართალი არ ხარ, რადგან მეგობრობა უდიდესი სიწმინდეა…

თავბრუს გახვევს, მაგრამ ეს უფრო ნარკოტიკულ ეიფორიას ჰგავს…

გამხელს, რადგან იცის, მხოლოდ ეს გაგაძლიერებს…

გეპირფერება, რადგან ნამდვილი მეგობარი მხოლო ოდესღაც იყო…

გეხმარება, რადგან შენთვის არაფერი ენანება…

გივიწყებს, თუმცა შეუცვლელი ეგონე საკუთარ ცხოვრებაში…

გაოცებს, მაგრამ ეს გაოცება სულაც არ გჭირდება…

გიყვარდება (ალბათ, არსებობენ ასეთებიც, თუმცა მეგობრობიდან სიყვარულამდე გრძელი გზაა, სიყვარულიდან მეგობრობამდე კი გზა არ არსებობს)…

ქრება, რადგან ადამიანიც არ ყოფილა…

შეცდომას უშვებს, მაგრამ მაინც გიყვარს…

გპატიობს, თუმცა აუტანელი ხარ…

და

ბოლოს:

არსებობს მეგობარი, რომელიც უბრალოდ მეგობარია და ეს მეგობრობა სუნთქვაზე მეტს ნიშნავს!!!!

🙂

დიდი? არა… ზრდასრული!

უკვე თითქმის დამიდგა ის პერიოდი, როცა უკვე საბოლოოდ უნდა გადავაბიჯო ბავშვობიდან დიდობაში.  თითქოს ახლა აღარ უნდა მიენდო გრძნობებს, დროა, გონების კარნახით იმოქმედო. წარსულს უნდა ჩაბარდეს გათენებული ღამეები, ჩუმი ლექსები, ვარსკვლავებით გადაპენტილი ცა, ვარდისფერი ოცნება. წინაა სწავლა, უნივერსიტეტი, უკვე სხვანაირი გართობა, შემდეგ მუშაობა, კარიერა. როცა მყარად დგახარ ფეხზე, ოჯახზეც იწყებ ფიქრს. უკვე შეიცვალა ურთიერთობა, დამოკიდებულება, ხედვა, აღქმა… და ერთხელაც, სიზმარში, დადგები სარკის წინ. იყურები და ხედავ სრულიად უცხო ადამიანს, რომელიც რაღაცით გგავს. ვინ არის? რა უნდა? რატომ ჩანს ის და არა მე? — ტრიალებს კითხვები თავში. შეიხედავ სარკის უკან — არაფერი. მოივლი ოთახს — არავინ. აბა ის საიდან ჩნდება? თან როგორ ბედავს: გეჭყანება, იწყენს, თავზე დგება, საპნის ბუშტებს უშვებს, კევა აღლაჭუნებს. ჯერ ბრაზდები, ეჩხუბები, მერე ღრმად ამოისუნთქავ და დაღლილი ახედავ. ჩააცქერდები თვალებში, ისიც მზერას მზერაში გიყრის. წამი წამში, გუგა გუგაში… დაეჭვდები… მზად ხარ, სარკეში შეძვრე, ისე ცნობ მასში რაღაც საოცრად ნაცნობს. უცებ გაიღიმებს და… ბაააჰ! იფეთქებს ფეიერვერკი! ღმერთო ჩემო, ეს ხომ მე ვარ! აი, მაშინ, N წლის წინ — მე… და დაფიქრები? კარგია, დიდი რომ ხარ? სრულიად არა, მემგონი… გახსოვს, რომ ამბობდი, გავიზრდები და უფროსებს არ დავემსგავსები, სხვანაირი ვიქნები? გახსოვს? — სევდანარევად იცინის ის პატარა დიდი სარკეში. შენ კი გეღვიძება…K88iNJs37Ng

ამ ცოტა ხნის წინ მეც ვნახე ასეთი სიზმარი. შეიძლება ბოლომდე არ მახსოვს სიუჟეტი, მაგრამ რაღაც ამდაგვარი იყო, ზუსტად ვიცი. ხოდა დავასვენი: მე არ მინდა გავხდე დიდი! მე ვიქნები ზრდასრული! არ ვიტყვი უარს არაფერზე. დავრჩები ისევ ისე ბავშვი, ოღონდ ამ ცხოვრებას შეჩვეული. აი, ასეთი ზრდასრული ვიქნები! თუ დამავიწყდება ეს, აუცილებლად გამახსენეთ, არ მოგერიდოთ ^_^

https://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

https://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

Блог на WordPress.com. , автор: Anders Noren.

Вверх ↑